საქართველოს ეროვნული ნაკრები ისრაელში გაემგზავრა, სადაც 26 და 28 აგვისტოს საკონტროლო მატჩებს გამართავს. ისრაელთან მატჩები ქალაქ ელიათში და ჰაიფაში გაიმართება. 29 აგვისტოს იგორ კოკოშკოვის გუნდი ლიტვაში გაემგზავრება, სადაც 1 სექტემბერს ადგილობრივ ნაკრებთან მოსამზადებელი ეტაპის ბოლო საკონტროლო მატჩს გამართავს. ლიტვიდან საქართველოს ნაკრები ჩარტერული რეისით სლოვენიაში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.
კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა ქართველებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჯამში 7 საკონტროლო მატჩი გამართა. საქართველომ მონაწილეობა მიიღო იტალიის ქალაქ ტრენტოს საერთაშორისო ტურნირში, სადაც მასპინძლებთან და პოლონელებთან მარცხი განიცადა, ხოლო ისრაელის ნაკრებს 79:77 მოუგო. კოკოშკოვის გუნდი სლოვენიაში ბოსნიის ნაკრებსორჯერ შეხვდა და 63:68 დამარცხების შემდეგ 81:78 სძლია.
16-17 აგვისტოს საქართველოს ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ქალაქ ანტიბის საერთაშორისო ტურნირზე. კოკოშკოვის გუნდმა სერბეთს 75:71 მოუგო, ხოლო ფრანგებთან 71:86 წააგო.
საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში, ესპანეთთან, სლოვენიასთან, პოლონეთთან, ხორვატიასთან და ჩეხეთთან მოხვდნენ. მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 3 საუკეთესო გუნდი გადის.
მასალის გამოყენების პირობები