გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე ზემოქმედების მექანიზმების ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა.
ქართულმა მხარემ პირველ საკითხად რამდენიმე დღის წინ, დრანდის ციხეში გარდაცვლილი დემურ გოგოხიას ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის საკითხი დააყენა, თუმცა სეპარატისტებისგან პასუხი ვერ მიიღო.
ამასთან ერთად, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ წამოწია საკითხი იმ ქართველების გათავისუფლების შესახებაც, რომლებიც სეპარატისტებს უკანონო ტყვეობაში ჰყავთ. ესენი არიან აბესალომ და ენვერ ძანძავები, ვალტერ გულუა და იური შარია. აღნიშნული საკითხიც საბოლოო ჯამში, ისევ გაურკვეველი რჩება.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსული ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები და გალის რაიონში არსებული კრიმინალური ვითარება.
მოლაპარაკებას გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.