კუს ტბა, კვირას, 11 აგვისტოს 16:00 საათზე უმასპინძლებს ბათუმი-გონიოსა და ბათუმი-ურეკი-ფოთის საზღვაო არეალში სექტემბრის დასაწყისს დაგეგმილი მარათონის მონაწილეებს, რომელთა დევიზია - „ჩვენ გავცურავთ ზღვას!", ხოლო მიზანია საქართველოში 5, 10, 20, 40 და 60 კილომეტრიანი დისტანციების მომცველი საერთაშორისო მარათონი „ოქროს საწმისის" დაწესება; ცურვის კლასიკურ, ხალხურ და ექსტრემალურ სახეობათა და საწყლოსნო თამაშობათა პოპულარიზაცია; სასკოლო პროგრამაში დამკვიდრება; ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარებისათვის ხელშეწყობა; ჩვენი ქვეყნის ახლებურად წარმოჩენა.
საზოგადოებას ელის საინტერესო და სახალისო სანახაობა, რომელიც 3 საათს გასტანს. ამჯერად, პროგრამაშია ცურვის ხალხურ სახეობათა დემონსტრირება. ასპარეზზე გამოდიან: გივი მძელური, 82 წლის - მხარულით მოცურავე; გიორგი ქებურია, 77 წლის - მეტივური სტილით მოცურავე; მიხო მორჩილაძე, 68 წლის -კოლხური სტილით მოცურავე; ბეგლარ ელბაქიძე, 53 წლის-ზეზელა, ანუ ორხელაწეული სტილით მოცურავე; თამარ ქაჯაია, 45 წლის - ზურგულით მოცურავე; ბადრი გვილავა, 43 წლის - ვეშაპური სტილით მოცურავე - ცურვისას ჰაერში 2-3 მეტრიან წყლის ჭავლებს აფრქვევს. დაბოლოს - საზღვაო სიურპრიზები ...
პროგრამის მეორე ნაწილში წარმოდგენილი იქნება გუნდური ცურვა-თამაშობანი: I. მენჩურუა, ანუ წყალჭიდი - მსოფლიო ოლიმპიური თამაშების პროგრამაში წარსადგენი ორთაბრძოლა - გუნდის კაპიტანი გიორგი ლემონჯავა, მწვრთნელი დავით მორგოშია - მძიმეწონიანთა საჩვენებელი ასპარეზობა. II. იძულებითი მარათონი - ნავი იძირება, რაც არც თუ იშვიათი მოვლენაა ცხოვრებაში და ადამიანისაგან სერიოზულ მომზადებას მოითხოვს. წარმოდგენილი იქნება თუ როგორ უნდა გადაირჩინოს თავი ასეთ დროს ადამიანმა. დაბოლოს, III. საერთო - სახალხო მოძრაობა -- 1+2 - ის დასაწყისი, ანუ ცურვის ღია გაკვეთილები პატარებისა და მათი მშობლებისათვის, რომელსაც გაუძღვებიან სხვადასხვა მარათონში გამარჯვებული მოცურავენი, მათ შორის : რუსუდან გორდეზიანი, 27 წლის, ოლეგ სამხარაძე, 59 წლის და ლაშა მღვდლიაშვილი, 30 წლის, რომლებმაც ამ დღეებში თბილისის ზღვის მარათონში წარმატებით დაძლიეს 4000 და 8000 მეტრიანი დისტანციები. ხოლო სექტემბრის დასაწყისს შავი ზღვის 40 და 60 კილომეტრიანი დისტანციის დასაძლევად გამოდიან.
მასალის გამოყენების პირობები