ადვოკატი ქეთი ბექაური საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის ცოტნე გამსახურდიას სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ელოდება.
როგორც ბექაურმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, იმ ჩვენების შემდეგ, რაც საქმეში დაზარალებულმა დავით ბაჯელიძემ სასამართლოს დღეს მისცა, ცოტნე გამსახურდიას წინააღმდეგ საქმის ძიება უნდა შეწყდეს.
"თუკი მოსამართლეს ობიექტურობის რაიმე განმსაზღვრელი გააჩნია და სამართლიანობის შეგრძნება არ დაუკარგავს, ცოტნე გამსახურდიას საქმე უნდა დახუროს და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლოს", - განუცხადა ბექაურმა "ჯი-ეიჩ-ენს" ბაჯელიძის ჩვენებაზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ საქმეში დაზარალებული დავით ბაჯელიძე მის გამსახურდიას მიერ დაჭრას კიდევ ერთხელ უარყოფს.
აღნიშნული ბაჯელიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზეც გაიმეორა და ისიც დასძინა, რომ მას ამ ჩვენების შეცვლას სთხოვდნენ.
"პროცესზე შესვენების დროს, მასალების გასაცნობ ოთახში ჩემზე პოლიციის თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. კერძოდ - როდესა მოსამართლის მდივანთან ერთად ფარულ ვიდეო-აუდიო მასალებს ვეცნობოდი, ტელეფონით დამიკავშირდნენ და დამემუქრნენ, რომ სასამართლოს შენობიდან გასვლის შემდეგ ჯიბეში ნარკოტიკულ ნივთიერებას ჩამიდებდნენ და დამაკავებდნენ, თუკი ცოტნე გამსახურდიას საწინააღმდეგო ჩვენებას არ მივცემდი", - განაცხადა ბაჯელიძემ პროცესზე დაკითხვისას.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის სხდომა დასრულებულია და ის 4 მარტს გაიმართება. სხდომის გადადების გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც ბაჯელიძემ ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო განაცხადა, რომ სხდომაში მონაწილეობის მიღებას ვეღარ შეძლებდა.