თორნიკე შენგელიას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. რამდენიმე საათის წინ ნიუ იორკის კლინიკაში დასრულდა ოპერაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ბრუკლინ ნეთსის" ფორვარდ თორნიკე შენგელიას გაუკეთეს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, შენგელიას მარჯვენა ფეხის მუხლი აწუხებდა და ექიმების რეკომენდაციით, ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.
ფედერაციაში განმარტავენ, რომ ოპერაციამ 1 საათს გასტანა და ნორმალურად ჩაიარა. „შენგელია ნარკოზიდან რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა და თავს კარგად გრძნობს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ხანში იქნება მწყობრში შენგელია, სექტემბერში მისი ევროპის ჩემპიონატზე თამაში გამორიცხულია"- განმარტავენ კალათბურთის ფედერაციაში.