"ქრისტიან-დემოკრატები~ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედებას ქვეყნის უსაფრთხოების დარღვევის და ტერიტორიების დაკარგვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. ამის შესახებ განცხადება `ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ლალიაშვილი აცხადებს, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედება ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება, რადგან შესაძლოა ყაზბეგის რაიონმა ახალგორის ბედი გაიზიაროს.
"ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა ტყუილს და მოსახლეობის და პოლიტიკური სპექტრის შეცდომაში შეყვანას, როცა ისინი ლარსის მხოლოდ და მხოლოდ სატრანზიტო ტვირთებისთვის გახსნის თაობაზე საუბრობდნენ. რეალურად კი აღნიშნული გადაწყვეტილება ტვირთების გატარების გარდა, სამოქალაქო მიმოსვლის აღდგენასაც ითვალისწინებს. ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რა გარიგებას აქვს ადგილი ამ შემთხვევაში სომხეთთან და რა პირობების სანაცვლოდ მიიღო ქართულმა მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება. ასევე გაუგებარია, თუ რატომ უნდა შევუწყოთ ხელი გიუმრში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო ტექნიკით მომარაგებას. გასაგებია, რომ საქართველოს აქვს ვალდებულებები მეზობელ სახელმწიფოებთან და როცა ერთ კონკრეტულ მეზობელ ქვეყანასთან დაპირისპირებული ხარ, რეგიონში კონფროტაციის წყაროდ არ უნდა იქცე. თუმცა, ამის მიუხედავად, გასათვალისწინებელია ერთი რამ: - არც ერთი ქვეყანა არ გცემს პატივს, თუკი პირველ რიგში, თავად არ სცემ პატივს საკუთარ სახელმწიფოს~, - აცხადებს ლალიაშვილი.
მისი ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სპეცსამსახურების დაფინანსებით ოთხი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს, რომლებიც დაკავებულია ფსევდო-ისტორიული ნარკვევების გავრცელებით იმის თაობაზე, თითქოს ყაზბეგის რაიონი დედა-ალანიის განუყოფელი ნაწილია, ყაზბეგში შეღწევის მიზნით აქტიურად მუშაობენ და ამისკენ ოსეთის ოსურ მოსახლეობასაც აქეზებენ.
სწორედ ამიტომ ,,ქრისტიან-დემოკრატები~ კიდევ ერთხელ აყენებენ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების უზრუნველყოფის საკითხს.