უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, სენატორებსა და წარმომადგენელთა პალატის წევრებს, ასევე ყველას, ვინც რუსეთზე სანქციების დაწესების შესახებ კანონის მიღებას შეუწყო ხელი, მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი კანონის ხელმოწერისთვის. მადლობა ყველა სენატორსა და წარმომადგენელთა პალატის წევრს, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს. ამ კანონის დებულებების სრული და სწრაფი განხორციელება, ლინდსი გრემის ხსოვნის პატივისცემის საუკეთესო გზა იქნება, ხოლო ყველასთვის, ვინც გვეხმარება, რუსეთზე ზეწოლა გავზარდოთ ომის დასასრულებლად, საუკეთესო ჯილდო მშვიდობა იქნება - მშვიდობა და იმ ყველა პრობლემისა და გამოწვევის აღმოფხვრა, რომელიც ამ ომმა მოიტანა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, როდესაც ლინდსი გრემი უკრაინაში იმყოფებოდა, ის ყოველთვის აღნიშნავდა რუსეთის მიმართ ზეწოლის შენარჩუნების, სანქციების გაძლიერებისა და მშვიდობის გზის ძიების მნიშვნელობას.
„მათ შორის, იმ დედაქალაქებში, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ რუსული ნავთობის შესყიდვაზე, რუსეთისთვის ფინანსური მომსახურების გაწევასა და პუტინთან და ომთან დაკავშირებული რუსული კომპანიების სხვა ქვეყნებში ჩვეულებრივ ბიზნესურთიერთობებში დაბრუნებაზე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ „სენატორ გრემს ერთი წუთითაც არ შეპარვია ეჭვი, რომ ამერიკას საკმარისი ძალა აქვს დიქტატორებთან საბრძოლველად და შედეგის მისაღწევად, თუ სწორად იმოქმედებს“.
„მშვიდობა ძალის მეშვეობით დგება. სიმშვიდე უსაფრთხოებას მოაქვს. უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია კი გადაწყვეტილების სიმტკიცეა. მადლობა ყველას, ვინც სიცოცხლეს მტკიცედ იცავს! მადლობა ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას! მადლობა ამერიკა, !“ - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტს" ხელი მოაწერა.
დოკუმენტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსეთის მაღალჩინოსნების, ბანკების, ოლიგარქებისა და ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ. ამასთან, ის აშშ-ის პრეზიდენტს უფლებას აძლევს, რუსული ნავთობისა და გაზის შემსყიდველი ქვეყნებისთვის 100%-მდე საბაჟო ტარიფები დააწესოს.
კანონპროექტი დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ ყველაზე დიდ იმპორტიორს და ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ასევე, კანონპროექტი ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ვადის გახანგრძლივებას და რუსი მაღალჩინოსნების, ბანკებისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.