ოფიციალური თბილისი სოხუმის აეროპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მკაცრ რეაგირებას ელოდება.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსში უკვე ჩაყენებულია.
"სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ამის შესახებ ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის IKAO საქმის კურსში უკვე ჩავაყენეთ. ახლა მათგან ველოდებით შესაბამის რეაგირებას და იმედს ვიტოვებთ, რომ პასუხი იმდენად მკაცრი იქნება, რომ სოხუმის აეროპორტში ფრენები შეჩერდება", - განუცხადა კალანდაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, "საერთაშორისო საზოგადოების საქმის კურსში ჩაყენება", - ეს ერთადერთი რეაგირებაა, რისი გაკეთებაც ქართულ მხარეს შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ სოხუმსა და მოსკოვს შორის ფრენები განახლდა. პირველი რეისი რუსულმა ავიაკომპანია "რასიამ" შეასრულა და რუსეთიდან აფხაზეთში სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში ჩაიყვანა.