ოფიციალურ მოსკოვს საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის წინადადებით თბილისისთვის ჯერ არ მიუმართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა, თბილისი რუსეთის მხრიდან შვეიცარიის საელჩოში შესაბამისი ნოტის გაგზავნას ელოდება.
"რუსეთს საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის წინადადებით ჩვენთვის ჯერჯერობით არ მოუმართავს - შუამავლი, შვეიცარიის საელჩოში შესაბამისი ნოტა არ შესულა. თუ მოსკოვი ამ წინადადებასთან დაკავშირებით კანონის დაცვით მოგვმართავს, ჩვენ მის განხილვას დავიწყებთ და დიდი ალბათობით, საკითხს დადებითად გადავწყვეტთ", - განუცხადა კალანდაძემ "ჯი-ეიჩ-ენს", რომელიც კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა თავის დროზე სწორედ მოსკოვის გადაწყვეტილებით შეწყდა.
შეგახსენებთ, რომ გასული კვირის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა თბილისთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღადგინოს.