3-4 მარტს, საქართველოს ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვევა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დელეგაციას ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის - ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგელ-ანხელ მორატინოსი უხელმძღვანელებს.
"ეს ვიზიტი რამდენიმე თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. პირველი, რომ მიგელ-ანხელ მორატინოსი ჩამოდის, როგორც ევროკავშირის მაღალი რანგის დელეგაციის ხელმძღვანელი და მეორე, რომ ის მოაზრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მეგობარ მინისტრებს შორის", - განაცხადა კალანდაძემ.
რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, საუბრის ძირითადი თემა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები იქნება.
"ჩვენს ინტერესებშია, რომ ევროკავშირის დელეგაციას მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია უსაფრთხოების კუთხით საქართველოში და მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ თავისი ფუნქციების განხორციელება კონფლიქტურ რეგიონებშიც შესძლოს, რის კონტექსტშიც ეს საკითხი შეხვედრებისას ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება", - განმარტა კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, ევროკავშირის დელეგაციის წევრები დღეს გახსნილ ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტსაც მოინახულებენ, რისი სურვილიც თავად გამოთქვეს.
აღსანიშნავია, რომ სტუმრები საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო უწყების ხელმძღვანელს და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდებიან.