დღეს, 1-ელ მარტს, რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარი გაიხსნება. ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი დილიდან ამოქმედა. ესაა პირველი დიპლომატიური შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის შუამავალი, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით შედგა. აღნიშნულთან დაკავშირებით შვეიცარიის საელჩოში ოფიციალური ნოტები, როგორც თბილისმა, ისე მოსკოვმა უკვე გადააგზავნა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, "ყაზბეგის" (საქართველო) გამშვები პუნქტის გავლით პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთების, საქონლისა და ცხოველების გატარება განხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
"ზემო ლარსის" (რუსეთის ფედერაცია) გამშვები პუნქტის გავლით პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთების, საქონლისა და ცხოველების გატარება განხორციელდება რუსეთის ფედერაციის კანონებისა და წესების შესაბამისად.
გამშვები პუნქტები გახსნილი იქნება ყოველდღიურად, 1 მარტიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში - 6.00-დან 22.00 საათამდე, ხოლო 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე პერიოდში - 7.00-დან 19.00 საათამდე.
კლიმატური პირობების გათვალისწინებით, 1 ნოემბრიდან 1 მაისამდე, დაშვებულია გამშვები პუნქტების გავლით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტოსატრანსპორტო (სატრანსპორტო) და 30 ადგილზე მეტი რაოდენობის სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვა.
გამშვებ პუნქტებზე აკრძალულია სახელმწიფო საზღვრის ფეხით გადაკვეთა.
ერთ-ერთი მხარის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების გატარებაზე უარის შემთხვევაში, მეორე მხარე ნებას მისცემს აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაუბრკოლებლად და დაუყოვნებლივ დაბრუნდეს საკუთარ ტერიტორიაზე.
"ყაზბეგი" (საქართველო) გამშვებ პუნქტზე არ გაიცემა საქართველოს ვიზები.
როგორც ცნობილია, ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი თავის დროზე რუსეთის გადაწყვეტილებით დაიხურა. მისი გახსნის ინიციატივა კი რამდენიმე თვის წინ ოფიციალურმა ერევანმა წამოჭრა.