დღეს, 1-ელ მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი განახლდება.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება და მასზე საქმეში დაზარალებული დავით ბაჯელიძე და ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია სამართალდამცველებმა 27 ოქტომბერს მოქალაქე დავით ბაჯელიძის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. გამსახურდიას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენეს ბრალი.
ცოტნე გამსახურდიას გამოძიებამ 30 იანვარს ახალი ბრალდება წაუყენა. ბრალდების საფუძველი, 1998 წლის 21 ნოემბერს ცოტნე გამსახურდიასა და პოლიციის თანამრომელ ლევან სანიკიძეს შორის მომხდარი ინციდენტი გახდა.
გამსახურდიას ადვოკატის, ქეთი ბექაურის განცხადებით, აღნიშნული ინციდენტის დროს ცოტნე გამსახურდიამ და ლევან სანიკიძემ, ორივემ, დაზიანებები მიიღეს. ბექაური განმარტავს, რომ ამჟამად ამ ეპიზოდის გამო ცოტნე გამსახურდიას წაყენებული აქვს ბრალდება მსუბუქი ხასიათის დაზიანების მუხლით.
გავრცელებული ინფორმაციით, გამსახურდიას ასევე ბრალი ედება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმნედებაში, თუმცა მიმდინარე ეტაპზე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, არც გამოძიება და არც ადვოკატი განმარტებებს არ აკეთებენ.
ბექაურის განცხადებით, იგი იცავს კანონის მოთხოვნას და რიგ საკითხებთან მიმართებაში კომენტარს არაკეთებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს, ცოტნე გამსახურდიას, ორი ადვოკატი იცავს.
მეორე ადვოკატი ბრალდებულს სასამართლომ გამსახურდიას ინტერესების დამცველის ქეთი ბექაურის მოთხოვნით დაუნიშნა.
როგორც ბექაურმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მეორე ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნის მიზეზი ის გახდა, რომ გამსახურდიას ორი სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით ასამართლებენ.
"მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით კი, პროცესზე მხარეთა თანასწორობის პრინციპი დაცული უნდა იყოს. აღნიშნულის გამო, მეორე ადვოკატის დანიშვნა მოვითხოვეთ, რათა ბალანსი დაცული ყოფილიყო", - განუცხადა ბექაურმა "ჯი-ეიჩ-ენს".
ცოტნე გამსახურდიას ქეთი ბექაურთან ერთად გიორგი ქოიავა დაიცავს.
თავად დაკავებული ბრალდებებს უარყოფს და გასული წლის 25 დეკემბრიდან პერმამენტულად შიმშილობს.