ხვალ, 1-ელ მარტს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია რუსეთის იმპერიის მიერ აფხაზეთის სამთავრობოს "მიერთების" 200 წლისთავთან დაკავშირებით დუმაში მიღებული განცხადების საპროტესტო განცხადებას შეიმუშავებს.
ამ მიზნით პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართება.
"რუსეთის დუმამ დიდი ზარზეიმით აღნიშნა აფხაზეთის დაპყრობის 200 წლისთავი და ცინიკური საბუთიც მიიღო. ჩვენ გვინდა გავიხსენოთ, თუ როგორ მიიერთდა რუსეთმა აფხაზეთი და როგორ მოახდინა სამ ეტაპად მისი ოკუპაცია (პირველად 1805 წელს, მეორე ეტაპი იყო 5 წლის შემდეგ, რა დროსაც ოჩამჩირიდან კოდორამდე ტერიტორია დაიპყრო, ეს პროცესი კი 1815 წელს დაასრულა), შემდეგ კი შესაძლოა დუმაში მიღებული ცინიკური განცხადების საპროტესტო განცხადებაც მივიღოთ", - განუცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზამამ "ჯი-ეიჩ-ენს".
მალაშხიას კომისიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გაერთიანებული სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.