გაიცემა თუ არა ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის ამოქმედების შემდეგ ვიზები ადგილზევე და რა რეჟიმი დაწესდება რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარზე ტვირთების გადაზიდვის თვალსაზრისით დღეს გახდება ცნობილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ამზადებს.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 1 მარტს, რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარი გაიხსნება. ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი დილიდან ამოქმედდება.
ესაა პირველი დიპლომატიური შეთანხმება, რომელიც მხარეებს შორის შუამავალი, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით შედგა. აღნიშნულთან დაკავშირებით შვეიცარიის საელჩოში ოფიციალური ნოტები, როგორც თბილისმა, ისე მოსკოვმა უკვე გადააგზავნა.
როგორც ცნობილია, ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი თავის დროზე სწორედ რუსეთის გადაწყვეტილებით დაიხურა. მისი გახსნის ინიციატივა კი რამდენიმე თვის წინ ოფიციალურმა ერევანმა წამოჭრა.
აღსანიშნავია, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი, გუშინ, ბათუმში მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.