საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულ სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ოსი სეპარატისტები ეხმაურებიან და მას "უცნაური" დოკუმენტის შეფასებას აძლევენ, იმიტომ რომ მასში, მათი ინფორმაციით, იგნორირებულია ოსი და აფხაზი ხალხის ნებელობა და არჩეული პოლიტიკური კურსი.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ე.წ. ვიცე-სპიკერი იური ძიცოითი აცხადებს, რომ სტრატეგიის ავტორებს "საერთოდ წარმოდგენაც კი არა აქვთ თუ რაზე მიდის საუბარი". მეტიც, ძიცოითო აცხადებს, რომ იმას გარდა, რომ "საქართველო ზოგადად ბოდავს, ამ დოკუმენტის შემდგენლებიც ბოდავდნენ როდესაც მას ადგენდნენ".
"სინამდვილეში კი არ არსებობს არავითარი ოკუპირებული ტერიტორიები. ამ საკითხში გაეგოთ მაინც აფხაზი და ოსი ხალხის აზრი და მაშინ ისინი მიხვდებოდნენ, რომ არ არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები, პირიქით განხორციელებულია ოსი ხალხის ოცნება და მას დამოუკიდებლობა აქვს მოპოვებული", _ აცხადებს ძიცოითი.
ამას გარდა, ძიცოითი ასევე აპროტესტებს ფორმულირებას "ცხინვალის რეგიონი" და აცხადებს, რომ ოსი სეპარატისტები ქართულ მხარესთან მოლაპარაკების მაგიდასთანაც კი არ დაჯდებიან თუკი ქართველები "სამხრეთ ოსეთის" ან "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" ნაცვლად მათ "ცხინვალის რეგიონად" მოიხსენიებენ.
"ფორმულირება "ცხინვალის რეგიონი" ხომ ისევ და ისევ ქართული მხარის მიერ იყო მოგონილი იმისათვის რათა სამხრეთ ოსეთის მოსახლებისათვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ", _ აცხადებს ძიცოითი და დასძენს, რომ სტრატეგიაში ქარული მხარე მათ ოსურ ენაზე განათალების უფლების მინიჭებას პირდება. ამაზე იგი აცხადებს, რომ "ეს ქართული მხარის პრობლემა არ არის" და როგორმე თავად მოახერხებენ ამ საკითხის მოგვარებას.