დღეს, 13 ივლისს, რეგიონებში ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით დაბა გუდაურში დაგეგმილია სპორტული ღონისძიების - ველო მარათონის მოწყობა. ღონისძიება მოყვარულებზეა გათვლილი და მასში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება.
გასულ წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეიმუშავა ველო-მერშრუტები დაბა გუდაურისათვის. ღონისძიება ხელს შეუწყობს პოტენციური მომხმარებლის დაინტერესებას აღნიშნული პროდუქტით და შესაბამისად ტურისტული ნაკადის ზრდას დაბა გუდაურში.
„საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმს დიდი პოტენციალი გააჩნია და ყოველწლიურად იზრდება მისდამი ინტერესი, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ბაზარზე. პროექტის განხორციელების ძირითადი მიზანია სათავგადასავლო ტურიზმის, კერძოდ ველო-ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა-პოპულარიზაცია და ასევე, დაბა გუდაურისათვის, სეზონურობის გაზრდის მიზნით, ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნა". განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.
მარათონში მონაწილეობას მიიღებს 50 მონაწილე. მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება მოკლე დროის მონაკვეთში დაიფაროს სპეციალურად შეჯიბრისათვის მოწყობილი, მარკირებული 4 კმ.-იანი მონაკვეთი.
15:30 - 16:30 საათი
საჩვენებელი შოუ ღონისძიების დამსწრეებისათვის
კაიშაურის ტბაზე მოეწყობა საჩვენებელი შოუ, რომელშიც პროფესიონალები მიიღებენ მონაწილეობას და გადალახავენ სხვადასხვა სახის ბარიერებს.
17:00 - 19:00 საათი
პიკნიკი ღონისძიების მონაწილეთათვის და დამსწრე საზოგადოებისათვის პიკნიკის დროს მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება.