თქვენ, თქვენი საპრეზიდენტო ვადები პრაქტიკულად გაფლანგეთ. მადლობას წასვლისას აღარავინ გეტყვით. ახლა იქნებ ის მაინც მოახერხოთ, რომ თქვენს შემდეგ ამ ქვეყანაში ქვა ქვაზე მაინც დატოვოთ, _ ასე მიმართა პრეზიდენტს საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა.
იგი მიესალმა რეგიონალური ტელევიზიებისთვის საგადასახადო ამნისტიის ინიციატივას. თუმცა, მან ასევე განუცხადა პრეზიდენტს, რომ მან ვერ შეძლო "საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება". მისი თქმით, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა გაიზარდა.
მისი თქმით, ის, რომ სააკაშვილი ღირსეული სახელმწიფოს აშენებას ვერ ახერხებს, არა მხოლოდ სოციალ-ეკონომიკურ სფეროში ვლინდება და იგივე ხდება ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივაც. ახვლედიანმა მანიფესტაციების შესახებ კანონზეც ისაუბრა და პრეზიდენტს ვენეციის კომისიის თავმჯდომარის მიერ ამ კანონის კრიტიკა შეახსენა.
"მსოფლიომ დაინახა, რომ ერთადერთი, რაშიც ეს ცვლილებები გამოგადგათ, იყო სამკაციანი აქციის დარბევა და აქციის მონაწილეთათვის გაზრდილი ჯარიმების დაკისრება. თქვენ ამას დემოკრატიას უწოდებთ, მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის კი ამას ავტორიტარიზმი ჰქვია", - განაცხადა ახვლედიანმა