დღეს, 27 თებერვალს, 10:00 საათზე, ახლად რეაბილიტირებული ქვესადგურის, "ახმეტა 110"-ის პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს პრესცენტრი იუწყება.
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მიერ "ახმეტა 110"-ს სრული რეაბილიტაციის შედეგად, "ხადორჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ენერგოსისტემას უპრობლემოდ მიეწოდება და კახეთის ენერგომომარაგება უფრო საიმედო გახდება", - ნათქვამია პრესცენტრის განცხადებაში.
რეაბილიტაციამდე თელავის და ახმეტის რაიონების ენერგომომარაგება ხორციელდებოდა ქვესადგურ "გურჯაანი 220"-იდან გამომავალი ერთადერთი 110კვ-იანი გადამცემი ხაზით, "კალაურით". ამ ხაზის დაზიანების შემთხვევაში, კახეთის ენერგომომარაგება საფრთხის ქვეშ დგებოდა. გარდა ამისა, ვერ ხერხდებოდა "ხადორჰესის" მიერ გამომუშავებული ენერგიის სისტემისთვის მიწოდება. ამ მიზეზით მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში თელავისა და ახმეტის რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება სამჯერ შეუწყდა და დაახლოებით 30 ათასი აბონენტი რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ძალებით მოწესრიგდა "ჟინვალჰესიდან" გამომავალი და ენერგოსისტემასთან დამაკავშირებელი ალტერნატიული 110-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის "კვეტერა 110-ის", ასევე ახმეტის ქვესადგურის თელავის ქვესადგურთან და "ხადორჰესთან" დამაკავშირებელი 110 კვ-იანი ხაზების "იყალთოს" და "ხადორის" უჯრედები. მოეწყო აღრიცხვის სისტემა ყველა მინაერთზე, ახმეტის ქვესადგურში დამონტაჟდა სააკუმულატორო ბატარეა, გარემონტდა ოპერატიული მართვის პუნქტი, გადაიხურა ქვესადგურის შენობა.
აღნიშნული სამუშაოსთვის 15 ათასი ლარი დაიხარჯა.