დღეს, 27 თებერვალს, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამერბერგი, რომელიც 26 თებერვალს საქართველოში ჩამოვიდა ცხინვალში გაემგზავრება. ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ჰამარბერგთან ერთად ცხინვალში ასევე ჩავა ორი დამოუკიდებელი ექსპერტი.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე. წ. ადამიანის უფლებათა დამცველის დავიდ სანაკოევის ინფორმაციით, ევროსაბჭოს დელეგაცია ცხინვალში ყოფნისას ჯერ მასთან გამართავს შეხვედრას, შემდეგ კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეებისა და "საქართველოს სპეცსამსახურების მიერ გატაცებული" ადამიანების ნათესავებს შეხვდება.
"აღნიშნული შეხვედრისას ევროსაბჭოს წარმომადგენელთა დელეგაციის წევრები უშუალოდ ნათესავებისგან მიიღებენ ინფორმაციას გატაცებულების შესახებ", _ აცხადებს სანაკოევი.