დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებზე განაცხადა, 6 თვეა ცდილობს გაარკვიოს, რაში დაიხარჯა პრეზიდენტის ფონდიდან 160 მილიონი ლარი.
ცაგარეიშვილის თქმით, იგი წერილებს აგზავნის ყველა უწყებაში, წერილით ორჯერ მიმართა პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას, თუმცა, საჯარო ინფორმაციის მოპოვება ვერ მოახერხა.
"იქნებ თქვენი საპრეზიდენტო ფონდი გამჭვირვალე გახდეს", - მიმართა ცაგარეიშვილმა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ცნობილი უნდა გახდეს ის დოკუმენტები და სამართლებრივი აქტები, რომელთა საფუძველზედაც ერთ ლარადაა გასხვისებული სახელმწიფო ქონება.
გიორგი ცარაგრეიშვილმა ასევე იმ ოპოზიციური აქტივისტების სია წაიკითხა, რომელთაც თავს დაესხნენ და სცემეს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს. "ვინ იყო ეს ხალხი, ვინც ამას სჩადიოდა?" მე გადმოგცემთ ამ სიას და გადახედეთ ამ ხალხის სიას, ვისაც თავს დაესხნენ," - განაცხადა ცაგარეიშვილმა.