საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს დააბალანსებს და გააჯანსაღებს.
მისი თქმით, ხელისუფლებამ დაპირება შეასრულა და სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტისგან შემდგარი საკონსტიტუციო კომისია აქტიურად მუშაობს.
"მე წარმოგიდგინეთ დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღა, რომელიც ითვალისწინებდა მნიშვნელოვან რეფორმებს. დღეს მინდა ანგარიში ჩაგაბაროთ ამ რეფორმების მიმდინარეობაზე. მაშინ შემოგთავაზეთ სკაონსტიტუციო კომისიის შექმნა, რათა დაწყებულიყო მუშაობა კონსტიტუციის ახალ ვარიანტზე, რომელიც უზრუნველყოფდა გარანტიებს უფრო ძლიერი პარლამენტისთვის, პრეზიდენტისა და მთავრობის ეფექტური საქმნიანობისთვის მთავრობის დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის. დაპირებისამებრ საკონსტიტუციო კომისია აქტიურად მუშაობს იგი დაკომპლექტებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, პარლამენტის, პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლების მიერ. ახალი კონსტიტუციის შედეგად პარლამენტის როლი გაძლიერდება. მიმდინარეობს მუშაობა ახალ საარჩევნო კოდექსზე, შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარე და აღნიშნული თანამდებობა ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა დაიკავა. დაგპირდით, რომ სახელმწიფო პოლიტიკური პარტიების განვითარებას შეუწყობდა ხელს და ასეც მოხდა. პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება გაეზარდათ, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე ნაციონალური მოძრაობის ფინანსები შემცირდა", - განაცხადა სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს წლიური მოხსენებით მიმართა. პრეზიდენტის გამოსვლას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისში ვიზიტით მყოფი რუსი ჟურნალისტები ესწრებოდნენნ.