ა/წ 7 ივლისს გაიმართა 2013 წლის ბოსფორის საკონტინენტთაშორისო შეჯიბრება ცურვაში (დისტანცია 6 500 მ.). კვირას, სტამბოლის დროით, დილის 10 საათზე სტარტი აიღო მსოფლიოს 37 ქვეყნის 1500-ზე მეტი მარათონელმა მოცურავემ, მათ შორის იყო ერთადერთი ქართველი. აზიიდან ევროპის კონტინენტზე ბოსფორის სრუტის თავისუფალი სტილით ამ გადაცურვაში მონაწილეობა მიიღო 67 წლის ცნობილმა მოცურავემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა. მისი უშუალო მეტოქეები იყვნენ 1944-1953 წლებში დაბადებული ამერიკელი, ჰოლანდიელი, იტალიელი, რუსი, ბრაზილიელი, იაპონელი და თურქი პროფესიონალი მარათონელი მოცურავეები.
ჰენრი კუპრაშვილმა აჩვენა დრო 01:03:14 (1 საათი და 03 წუთი და 14 წამი) და თავის ასაკობრივ ჯგუფში 50 კაცში დაიკავა მე-16 ადგილი. მთელი დისტანცია მიცურავდა იტალიელი რაფაელო ესპოზიტოს კვალდაკვალ მეორე შედეგით, როდესაც დარჩა ფინიშამდე 600 მეტრი კუპრაშვილმა ნაადრევად დაიწყო გამარჯვებაზე ზეიმი, მიიჩნია, რომ გაიმარჯვებდა და მოინდომა გამოცდილი იტალიელის გადასწრება ნაადრევად გადაუხვია ფინიშის ხაზზე, რითაც აღმოჩნდა უარესს დინებაში, გაიზარდა წყლის დინების წინააღმდეგობა. იტალიელის გასწრება კი არა და ზედ ფინიშზე სხვებმაც გადაუსწრეს. ბოსფორის მარათონში უდიდესი მნიშვნელობა აქვს დისტანციის და წყლის დინებების ცოდნას. მცირედი შეცდომის შემთხვევაში ან აცდები ფინიშს ან წყლის დინების წინააღმდეგობის გამო ძალიან გაგიჭირდება ფინიშთან მიახლოვება.
„საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის" ორგანიზებით ჰენრი კუპრაშვილს გულშემატკივრობდნენ სტამბოლში მცხოვრები ქართველები ქართული დროშების ფონზე.
ჰენრი კუპრაშვილი სტამბოლში მოფრინავს 8 ივლისს 0382 რეისით და თბილისსი იქნება 16:25 სთ-ზე. ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინზმა" თავის თავზე აიღო მისი ბიზნეს კლასის კომფორტული მგზავრობა ორივე მიმართულებით.
ჰ. კუპრაშვილის ამ ასპარეზობაში მონაწილეობა უზრუნველეყო საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, შეჯიბრებისთვის მზადების პროცესში არ მოკლებია სათანადო ყურადღება სპორტკომპლექს „ლაგუნა ვერეს" ხელმძღვანელობის მხრიდან.
ჰენრი კუპრაშვილმა გადაცურვა მიუძღვნა მშობლიურ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს („გეპეის"), რომელშიაც 45 წელია მოღვაწეობს და გაიარა სამსახურეობრივი კარიერის ყველა საფეხური: პრეპარატორი, ლაბორანტი, მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი.
ბოსფორის შემდეგ ჰენრი კუპრაშვილი, როგორც მწვრთნელი შეუდგება ანა ლომინაძის მომზადებას, რათა მან „მხედრული კოლხურით" გადაცუროს ლა მანშის სრუტე (40 კმ.) და დაამყაროს ცურვაში ყველა დროის უპრეცედენტო მსოფლიო-საგინესო რეკორდი. ცნობილია, რომ ქალთ შორის მსოფლიო რეკორდსმენმა „მხედრული კოლხურით" მარათონულ ცურვაში ანა ლომინაძემ შარშან სწორედ ჰენრი კუპრაშვილის ხელმძღვანელობით გადაცურა დარდანელის სრუტე.