საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან ხალხისადმი მიცემილი ის დაპირებაც შეასრულა, რომელიც საქართველოს ენერგოდამოუკიდებელ ქვეყნად გახდომას შეეხებოდა.
"რამდენიმე წლის წინ საქართველო არა მხოლოდ წყვდიადში იმყოფებოდა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ენერგოდამოკიდებული ქვეყანა იყო მსოფლიოში. ეს პირდაპირ ითარგმნებოდა ჩვენს პოლიტიკურ სისუსტედ, რადგან ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყანა ენერგოსექტორს ისე იყენებდა და იყენებს, როგორც ქვემეხებს და ტანკებს. მაშინ დაგპირდით, რომ საქართველოს გავხდიდი ენერგოდამოუკიდებელ ქვეყნად და უზრუნველვყოფდი ენერგოუსაფრთხოებას.
მინდა სრული პასუხისმგებლობით ვუპატაკო ჩემს ხალხს, რომ ენერერგეტიკული წყაროები დივერსიფიცირებულია და ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ენერგოდამოუკიდებელია მსოფლიოში, ჩვენი ენერგოსისტემა კი კონკურენტული და მიმზიდველია კერძო ინვესტორებისთვის", - განაცხადა სააკაშვილმა პარლამენტში, წლიური საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას.
მისი განმარტებით, ენერგეტიკა _ ეს ის სექტორია, სადაც ინვესტიციების ჩადება კრიზისის დროსაც არ შეჩერებულა.
"პირიქით, ინვესტიციები გაიზარდა და დაიწყო გრანდიოზული პროექტების განხორციელება, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ენერგოწარმოება უახლოსი 5-6 წლის განმავლობაში გაორმაგდება", - განმარტა მან.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, მალე საქართველო სომხეთში, ირანში, სპარსეთის ყურის ქვეყნებდა და რუსეთში ელექტროენეგიის ექსპორტს დაიწყებს.
ქვეყნის პირველმა პირმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს წლიური მოხსენებით მიმართა. პრეზიდენტის გამოსვლას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისში ვიზიტით მყოფი რუსი ჟურნალისტები ესწრებოდნენ.