საქართველოს პროკურატურა, ევროკავშირის მხარდაჭერით, დაზარალებულთა საკონსულტაციო ცენტრებისთვის თანამშრომლებს მოამზადებს. ტრენინგები ბაკურიანში, სასტუმრო "ვიქტორიაში~ ხვალ, 27 თებერვალს დაიწყება და 8 დღეს გაგრძელდება.
დაზარალებულთა საკონსულტაციო ცენტრის პროექტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. 2010 წლის გაზაფხულზე საკონსულტაციო ცენტრები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის პროკურატურის ოფისებში გაიხსნება. ბაკურიანში დაწყებული ტრენინგი სწორედ ამ ცენტრებისთვის კონსულტანტთა მომზადებას ემსახურება. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა: დაზარალებულის უფლება-მოვალეობები და მათთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა, ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთან ურთიერთობის პრაქტიკული საკითხები, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და სხვა.
დაზარალებულთა საკონსულტაციო ცენტრებისთვის თანამშრომლეთა შერჩევა კონკურსის წესით მოხდა. ორეტაპიან გასაუბრებაში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 400-მდე კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც საბოლოოდ 6 თანამშრომელი შეირჩა. ინტენსიური ტრენინგების შემდეგ ისინი მუშაობას გაზაფხულიდან შეუდგებიან.
კვალიფიციური კონსულტანტები დაზარალებულთა ცენტრებში დახმარებას გაუწევენ მოქალაქეებს კონკრეტულ სისხლისამართლებრივ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემასა და პასუხისმგებელი პირის იდენტიფიკაციაში, ასევე დეტალურად განუმარტავენ უფლებებს ისეთი კატეგორიის დანაშაულისგან დაზარალებულებს, როგორიცაა ტრეფიკინგი, ოჯახში ძალადობა ან წამება.