საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განათლების რეფორმასა და ქვეყნისის განვითარებისათვის მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყნის გაჯანსაღება და პროგრესი, განათლების სისტემის განვითარების გარეშე ვერ მოხდება.
"შეუძლებელია ვილაპარაკოთ ქვეყნის გრძელვადიან გაჯანსაღებაზე მის მოდერნიზაციასა და პროგრესზე, საზოგადოების კონკურენტუნარიანობაზე თუ არ განვითარდება განათლების სისტემა. განათლება არის ის რაც ქმნის მომავალი საქართველოს ადამიანურ რესურსს. ჩვენი ქვეყნის მთავარ სიმდიდრეს და ღირსებას. განათლების რეფორმის პირველი ტალღა ეხებოდა განათლების მთლიანად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას. სკოლების გარემონტებას და ახალი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას. განათლების რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში განისაზღვრა ახალი პრიორიტეტები. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა განათლების დონის ამაღლებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასკოლო ატესტატს, რომელიც მოსწავლეს ძირითად საგნებში მინიმალური კომპეტენციის დადასტურების შედეგად მიეცემა. მოსწავლე, რომელიც დაამთავრებს სკოლას ავტომატურად მიიღებს სკოლის დამთავრებს დამადასტურებელ საბუთს, სერთიფიკატს, თუმცა თუ მოსწავლეს სურვილი აქვს მიიღოს ატესტატი და განაგრძოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში მათ მოუწევთ განათლების ცენტრებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ყველა ძირითად საგანში. ამით ერთის მხრივ გაიზრდება მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი მაღალ კლასებში, ხოლო მეორეს მხრივ სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს ექნება უფრო ფართო განათლება ყველა საგანში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველი პირი ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება. ის დეპუტატებს წლიური მოხსენებით მიმართავს. პრეზიდენტის გამოსვლას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისში ვიზიტით მყოფი რუსი ჟურნალისტები ესწრებიან.