საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გზების მშენებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, გზის მშენებლობა ეკონომიკის განვითარების საწინდარია, რადგან გზას მოაქვს დასაქმება.
"სოფლის მეურნეობისა და მთლიანობაში ეკონომიკის განვითარება შესაძლებელია ინფრასტრუქტურული განვითარების პირობებში. კარგი გზა არის კარგი ეკონომიკის საფუძველი. გზას მოაქვს ტურიზმი, დასაქმება, ამიტომ გზების მშნებლობა საქართველოში ერთი წამითაც არ შეჩერებულა. მიმდინარეობს ვაზიანი-გომბორი-თელავის გზატკეცილის მშნებელობა, რომელიც 50 წუთამდე შეამცირებს თბილისი-თელავის მარშუტს. მიმდინარეობს სვენეთი-რუისის მონაკვეთის მშენებლობა ორი დიდი გვირაბით და მალე დაიწყება ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, რიკოთის გვირაბის რეაბილიტაცია. ქუთაისი-ზესტაფონი-სამტრედიის გზის მშენებლობა. 2012 წლის ზაფხულში ბათუმში დასასვენებლად თბილისელები 2 საათსა და 30 წუთში ჩავლენ, ნაცვლად 5 საათისა", - განაცხადა სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველი პირი ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება. ის დეპუტატებს წლიური მოხსენებით მიმართავს. პრეზიდენტის გამოსვლას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისში ვიზიტით მყოფი რუსი ჟურნალისტები ესწრებიან.