საქართველოს პრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი ბოლო წლებში საქართველოს თავს დატეხილ პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უკანასკნელ წლებში ქართულმა სახელმწიფოებრიობამ დიდი განსაცდელი გადაიტანა.
"რუსულმა აგრესიამ, მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა და შიდაპოლიტიკურმა დაპირისპირებამ ცუნამის ტალღებივით გადაუარა ჩვენს ახლად ფეხზე დამდგარ ეკონომიკას და დიდი დარტყმა მიაყენა მისი განვითარების მანამდე არსებულ დინამიკას",_ განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა. უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო. სამსახურის მაძიებლებისთვის უფრო ბურუსით მოცული გახდა დასაქმების პერსპექტივა. ბევრი კომპანია აღმოჩნდა გაკოტრების პირას. ზოგიერთმა მათგანმა კი საერთოდ შეწყვიტა არსებობა.
"ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს გაურთულდა საბანკო ვალდბეულების მომსახურება. საზოგადოებაში იმატა პესიმისტურმა განწყობებმა, ხოლო მაშინ, როდესაც მთავრობას ომისა და მსოფლიო კრიზისის შედეგების აღმოსაფხვრელად, სამუშაო ადგილების გადასარჩენად და სოციალური სფეროს შესანარჩუნებლად 24-საათიან რეჟიმში უნდა ემუშავა, დედაქალაქის ცენტრი პარალიზებული იყო გალიებით თუ საკნებით, ჩემთვის ორივე ერთნაირად საძაგელია, როდესაც შიგ ადამიანები სხედან. სამთავრობო შენობები ბლოკირებული იყო იმ იმედით, რომ ხელისუფლებას ნერვები უმტყუნებდა და ჩაგვითრევდნენ ძალადობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის საფრთხე, რომლის წინაშეც აღმოჩნდა საქართველო ამ მოვლენების შედეგად, გაცილებით დიდი იყო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველი პირი ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება. ის დეპუტატებს წლიური მოხსენებით მიმართავს. პრეზიდენტის გამოსვლას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისში ვიზიტით მყოფი რუსი ჟურნალისტები ესწრებიან.