საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლა ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის გახსენებით დაიწყო.
"მინდა ერთი ქართული ოჯახის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ერთ ტრაგედიაზე ვისაუბრო. ჩვენ ყველანი ნამყოფი ვართ ბაკურიანში, იქ დაიბადა და გაიზარდა ნოდარ ქუმარტიაშვილი, რომელსაც დიდი ოცნება ჰქონდა, სხვა სპორტსმენების რეკორდები გაემეორებინა, მაგრამ მას ეს ოცნება მსოფლიოს თვალწინ დაემსხვრა. თუმცა, ეს ოცნება არ მომკვდარა. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ბაკურიანში ახალ სპორტულ ნაგებობას და დავარქმევთ მას ნოდარის სახელს, ვაქცევთ ბაკურიანს საერთაშორისო მასშტაბის კურორტად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველი პირი ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება. ის დეპუტატებს წლიური მოხსენებით მიმართავს.
პრეზიდენტის გამოსვლას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისში ვიზიტით მყოფი რუსი ჟურნალისტები ესწრებიან.