ოსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ ე. წ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისთვის ავტომობილების საკუთარი სანომრე ნიშნების ქონა უბრალოდ აუცილებელია. მათი ინფორმაციით, "დამოუკიდებლობის" მოპოვებამდე ე. წ. სამხრეთ ოსეთის მაღალჩინოსნების ავტომობილებს სხვა ავტომობილებისგან "ООО" ციფრებით დაწყებული სანომრე ნიშანი განასხვავებდა.
"თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ახლა ეს დამოუკიდებელი ქვეყანაა და მის ლიდერებსა და მმართველებს, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ავტომობილებზე საკუთარი სამნომრე ნიშნები უნდა ჰქონდეთ", _ აცხადებს ე. წ. სამხრეთ ოსეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ე. წ. სახელმწიფო ინსპექციის უფროსი ალან ჯიოევი. მისი თქმით, ახალი სანომრე ნიშნები ე. წ. სამხრეთ ოსეთში ოს-სამ თვეში გაჩნდება.
აღსანიშნავია,¸რომ სეპარატისტებმა ე. წ. სახელმწიფო სანომრე მაკეტზე უკვე იმუშავეს და იგი შემდეგნაირად განსაზღვრეს: "ჯერ იქნება სამხრეთ ოსეთის დროშა, შემდეგ ციფრები (კონკრეტულად რამდენი იქნება ეს ციფრები ჯერჯერობით უცნობია), შემდეგ კი გერბი და ასოები", _ აცხადებს ჯიოევი.
მისი ინფორმაციით, ე. წ. სამხრეთ ოსეთში 4800 დარეგისტრირებული ავტომობილია. ე. წ. სამხრეთ ოსეთის ინსპექციამ უკვე გამოაცხადა ტენდერი სახელმწიფო სანომრე ნიშნების დამამზადებელ რუსულ დაწესებულებებს შორის. ჯიოევი ასევე აცხადებს, რომ ახალი სანომრე ნიშნების გაცემა მხოლოდ "პრეზიდენტის ადმინისტრაციის" მიერ წარმოდგენილი სიის მიხედვით იქნება შესაძლებელი.