სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება არგენტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას და ამ ქვეყანაში საელჩოს გახსნას აპირებს. განცხადება ამის შესახებ ბუენოს-აირესში ჩასულმა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ გააკეთა.
"არგენტინასა და აფხაზეთს შორის ჯერ ჯერობით არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენ მათ დავამყარებთ. ჩვენ ჯერ ჯერობით გვაქვს გეგმები ლათინური ამერიკის სამ ქვეყანაში საელჩოს გახსნის შესახებ: ნიკარაგუაში, ვენესუელაში და არგენტინაში", _ აცხადებს მაქსიმ ღვინჯია.
მისივე თქმით, აფხაზური დელეგაცია არგენტინაში პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების დამყარების მიზნით ჩავიდა.
"ჩვენ ვაპირებთ განვავითაროთ სავაჭრო ურთიერთობები ლათინური ამერიკის ყველა ქვეყანასთან. სერიოზულ პარტინიორებად ბიზნესში კი შეიძლება იქცნენ ნიკარაგუა, არგენტინა, ეკვადორი და ვენესუელა", _ აცხადებს ღვინჯია.