ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, დააკავეს შპს „მაგი ბად-ოენჰაიზენის" დირექტორი ლალი გოცაძე, რომელმაც ერთ-ერთ მეწარმეს გამოუწერა სასაქონლო ზედნადები 57 000 ლარის სამშენებლო მასალაზე, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს პრესცენტრი იუწყება.
პრესცენტრის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გოცაძე მაშინ დააკავეს, როცა იგი ყალბი დოკუმენტის დამზადების სანაცვლოდ ზედნადებში მითითებული თანხის 10%-ის, 5700 ლარის აღებას ცდილობდა.
წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე.