ა/წ 7 ივლისს ტარდება 2013 წლის ბოსფორის საკონტინენტთაშორისო შეჯიბრება ცურვაში (დისტანცია 6 500 მ.). კვირას, სტამბოლის დროით, დილის 10 საათზე სტარტს აიღებს მსოფლიოს 37 ქვეყნის 1500-ზე მეტი მარათონელი მოცურავე, მათ შორის იქნება ერთადერთი ქართველი. აზიიდან ევროპის კონტინენტზე ბოსფორის სრუტის თავისუფალი სტილით ამ გადაცურვაში მონაწილეობას მიიღებს 67 წლის ცნობილი მოცურავე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი. იგი დაშვებულ იქნა შეჯიბრებაზე შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემდეგ (ანკეტა, საწევრო, ლიცენზია, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვ.). მისი უშუალო მეტოქეები იქნებიან 1944-1953 წლებში დაბადებული ამერიკელი, ჰოლანდიელი, იტალიელი, რუსი, ბრაზილიელი, იაპონელი და თურქი პროფესიონალი მარათონელი მოცურავეები.
უნდა აღინიშნოს, რომ ჰ. კუპრაშვილს შეჯიბრებისთვის მზადების პროცესში არ მოკლებია სათანადო ყურადღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სპორტკომპლექს „ლაგუნა ვერეს" და ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინზის" ხელმძღვანელობის მხრიდან.
ჰენრი კუპრაშვილი ამ გადაცურვას უძღვნის მშობლიურ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს („გეპეის"), რომელშიაც 45 წელია მოღვაწეობს და გაიარა სამსახურეობრივი კარიერის ყველა საფეხური: პრეპარატორი, ლაბორანტი, მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი.
ბოსფორის შემდეგ ჰენრი კუპრაშვილი, როგორც მწვრთნელი დაიწყებს ანა ლომინაძის მომზადებას ლა მანშის სრუტის „მხედრული კოლხურით" გადასაცურად და უპრეცედენტო მსოფლიო-საგინესო რეკორდის დასამყარებლად. ქალთ შორის მსოფლიო რეკორდსმენმა „მხედრული კოლხურით" მარათონულ ცურვაში ანა ლომინაძემ შარშან ჰენრი კუპრაშვილის ხელმძღვანელობით გადაცურა დარდანელის სრუტე.
ვებ გვერდი: http://www.bosphorus.cc/