სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი დღეს, იაპონიის ელჩს მასაიოში კამოჰარას შეხვდა. საელჩოს დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე, ბაკურ კვეზერელმა მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას იმ პროექტის განხორციელებისთვის, რომელიც საქართველოში, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ემსახურება. პროექტი იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. გრანტის სახით, იაპონიის მთავრობამ, ქართული მხარეს 1 200 000 000 იაპონური იენი გამოუყო და ეს თანხა, თანამედროვე ტექნიკის შესაძენად დაიხარჯა. ტექნიკის უდიდესი ნაწილი "ნიუ ჰოლანდის" ფირმისაა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოებაში, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია. ტექნიკას შპს "მექანიზატორი" განკარგავს, რომელსაც საქართველოს მასშტაბით, პირველ ეტაპზე ხუთი რეგიონული ოფისი ექნება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ჩამოყვანილია 122 სხვადასხვა სიმძლავრის ტრაქტორი, 25 მოსავლის ამღები კომბაინი და 318 დასახელების სასოფლო-სამეურნეო მანქანა.
"ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იაპონიის მხარესთან, კიდევ ერთხელ განვიხილოთ მომავალი თანამშრომლობის საკითხები, იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო მეტი ტექნიკის შემოტანა მოხდეს სერვის-ცენტრებში და ისე განაწილდეს, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. გლეხს უნდა მივცეთ საშუალება ტრაქტორი დაიქირაოს, მიწა დაამუშაოს და მოსავალი აიღოს", _ განაცხადა დღევანდელ შეხვედრაზე, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა.
სამომავლოდ, იაპონიის მთავრობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, კვლავაც გეგმავს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოყვანას