თბილისსა და დოჰას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის სურვილი არსებობს, თუმცა "ყატარის ავიახაზებს საკმარისი რაოდენობის თვითმფრინავები არ ჰყავს".
პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ყატარში ვიზიტის შედეგები მთავრობის ხელმძღვანელის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე შეაჯამა და აღნიშნულ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ თვითმფრინავებთან დაკავშირებული პრობლემის მიუხედავად ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა მაინც დაიწყება.
"თბილისსა და დოჰას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამ კუთხით მოლაპარაკებები მხარეებს შორის კვლავ გაიმართება, თუმცა მიმოსვლა აუცილებლად დაიწყება და ამით არა მხოლოდ მიმოსვლა გამარტივდება, არამედ უფრო ადვილი და კომფორტული გახდება გადაადგილება იმ პირებისთვისაც, რომლებიც ამერიკაში მიემგზავრებიან", _ განაცხადა მჭედლიშვილმა.