საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას სასჯელთაღსრულების მინისტრს აკისრებს. ამის შესახებ განცხადება, ლორთქიფანიძემ დღეს სესიაზე გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ რეგლამენტის თანახმად, პარასკევის სესია დეპუტატთა განცხადებებით გამოსვლას არ ითვალისწინებს, თუმცა როგორც სხდომის დღევანდელმა თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა აღნიშნა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ მას მიმართა თხოვნით რომ ჰქონდა სასიცოცხლო მნიშვნელობის განცხადება და ამის გამო, მას განცხადების გაკეთების საშუალება მისცეს.
როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, წუხელ მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ დამძიმებული და მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობა იყო კრიტიკული პირადად იგი ღამის 3 საათამდე ამაოდ ცდილობდა მისი პირადი ექიმის ნახვის უფლების მიღებას.
მისივე თქმით, სასჯელთაღსრულების სამინისტროს მხრიდან ასეთი დამოკიდებულება ბადებს ეჭვს. როგორც ლორთქიფანიძე აღნიშნავს, იგი ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ ესაუბრა სასჯელთაღსურლების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის მოადგილეებსაც, თუმცა ექიმის ნახვის საშუალება მიანც არ მიეცა. სწორედ ამიტომ იგი აცხადებს, რომ
"ეს ყველაფერი ბადებს ეჭვს. ცხადია სამინისტროს მხრიდან იყო ხელის შეშლა, რათა რა მენახა ცოტნე გამსახურდიას პირადი ექიმი და არ გავრკვეულიყავი საქმის რეალურ ვითარებაში, ამიტომ მთელ პასუხისმგებლობას სასჯელთაღსრულების მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს ვაკისრებ", - აცხადებს ლორთქიფანიძე და იმედოვნებს, რომ სასჯელთაღსრულების სამინისტრო აღნიშნულ ფატქს ამ განცხადების შემდეგ მაინც გამოეხმაურება და გააკეთებს ოფიციალურ განმარტებას აღნიშნულთან აკავშირებით.