საინფორმაციო-სამისამართო ბიურო, რომელიც თბილისში წერეთლის გამზ. №8-ში მდებარეობს, 1-ლი მარტიდან მოქალაქეების მიღებას შეწყვეტს.
მოქალაქეებზე ორიენტირებული სერვისის თანახმად, მოქალაქეებს საინფორმაციო-სამისამართო ცნობის მიღება, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში შეუძლიათ.
ამ ცვლილებამდე საინფორმაციო ბარათებს მხოლოდ საინფორმაციო-სამისამართო ბიურო და სამოქალაქო რეესტრის მხოლოდ რამდენიმე ტერიტორიული სამსახური გასცემდა.
საინფორმაციო-სამისამართო ცნობის წარდგენა მოქალაქეებს სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უწყებაში წარსადგენად ესაჭიროებათ. ამ ცნობაში მოცემულია სამოქალაქო რეესტში დაცული მოქალაქეთა სარეგისტრაციო მონაცემები.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეს უკვე შეუძლია სამოქალაქო რეესტრის ნებისმიერ ოფისში მიიღოს ინფორმაცია სად არის რეგისტრირებული, რამდენი პირადობის მოწმობა და პასპორტი აქვს აღებული. ასევე შეუძლია მიიღოს ინფორმაცია მისი ძველი საბჭოთა პასპორტის შესახებ.
ცნობისთვის, საინფორმაციო ბარათი განცხადების წარდგენიდან მეხუთე სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა, 24 საათში ამგვარი დოკუმენტი 2 ლარი ღირს, ხოლო იმავე დღეს - 5 ლარი.