რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების სარდალმა ალექსანდრე პოსტნიკოვმა განაცხადა, რომ აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზები შექმნილია მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაიცვან და ტერაქტები აღკვეთონ.
"მათი რაოდენობაც განსაზღვრულია და დადგენილია 4 ათასი ადამიანის ფარგლებში, თუმცა ეს რიცხვი, აუცილებლობის მიხედვით, შესაძლოა, შეიცვალოს, _ აცხადებს
პოსტნიკოვი და დასძენს, რომ აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზების მუდმივი დისლოკაციის პუნქტების გარდა, ცხინვალსა და ჯავაში, ასევე გუდაუთაში, რუსეთის სამხედრო ბაზებს რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ქალაქებიც აქვთ.
"კერძოდ, მეშვიდე სამხედრო ბაზას აქვს თავისი სამხედრო ქალაქი მაიკოპში, რაც საშუალებას იძლევა, პირადი შემადგენლობის რაოდენობა საჭიროების მიხედვით იცვლებოდეს. სწორედ ამიტომაც ამჟამად აფხაზეთში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე სამხედროთა რაოდენობა 1,5 ათასს არ აჭარბებს", _ განაცხადა პოსტნიკოვმა.
მისი ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებში არსებული რუსული სამხედრო ბაზების პირადი შემადგენლობის როტაცია ექვს თვეში ერთხელ ხდება.
"თუმცა ამგვარი როტაცია, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, ელვის უსწრაფესად განხორციელდეს", _ აცხადებს პოსტნიკოვი.