შერეულ ორთაბრძოლებში ევროპის რიგით მე-2 ჩემპიონატზე, რომელზეც მსოფლიოს 26 ქვეყნის: უკრაინის, ბელორუსის, რუსეთის, ლატვიის, შვეიცარიის, ავსტრიის, ყაზახეთის, იტალიის, საბერძნეთის, კორეის, ბულგარეთის, ჩეხეთის, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, მოლდოვის, რუმინეთის და საქართველოს ნაკრები ასპარეზობდა, საქართველოს ნაკრებმა დიდ წარმატებას მიაღწია - გუნდმა 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შერეულ ორთაბრძოლებში ევროპის რიგით მე-2 ჩემპიონატი უკრაინაში, ქალაქ კიევში 14-15 ივნისს გაიმართა. უდიდესი კონკურენციის მიუხედავად არჩილ თაზიაშვილმა (65კგ), ნოდარ კუდუხაშვილმა (84კგ) და გიორგი ბუტიკაშვილმა (77კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
კიევში ევროპის მე-2 ჩემპიონატი შერეულ ორთაბრძოლებში შერეულ ორთაბრძოლების საერთაშორისო ასოციაციის ეგიდით (WMMAA) ჩატარდა. ასოციაციის საპატიო პრეზიდენტია MMA მრავალგზის ჩემპიონი და ცნობილი სპორტსმენი ფიოდორ ემელიანენკო. შერეულ ორთაბრძოლებში საქართველოს ასოციაცია შერეული ორთაბრძოლების საერთაშორისო ასოციაციის (WMMAA) წევრი 2012 წელს გახდა და წევრობის პირველივე წელს ქართველი სპორტსმენები ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერებად იქცნენ.
უსახსრობის გამო ევროპის ღია ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მონაწილეობა ბოლო დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ნაკრების სამი სპორტსმენის კიევში გამგზავრება ქართველმა მომღერალმა ანრი ჯოხაძემ უზრუნველყო.
საქართველოს ნაკრები უკრაინიდან სამშობლოში დღეს, 16 ივნისს დაბრუნდება.