ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ქ. რუსთავში გორის ქუჩაზე მდებარე შპს "ვათოფის" დირექტორი თორნიკე ხვიტია, რომელიც თავის კუთვნილ საამქროში სხვადასხვა დასახელების ხორცპროდუქტებს ამზადებდა და შემდეგ რეალიზაციას უკეთებდა.
შპს „ვათოფის" მიერ წარმოებულ სოსისს „რუსთავი", „ივერია", ნახევრადშებოლილ ძეხვებს „სამონადირეო" და „რუსთავი" ჩაუტარდა ლაბორატორიული ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული პროდუქცია ფალსიფიცირებულია და საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. სამართალდამცველებმა ძეხვეულის საამქრო დახურეს და ფალსიფიცირებული პროდუქციის დიდი ნაწილი სარელიზაციო ქსელიდან ამოიღეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე და 198-ე მუხლებით, რაც საერთო ჯამში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.