ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა ვარაუდობს რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს, იგი მოკლეს. მას ამის ეჭვი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აღმოჩენილმა ფაქტებმა გაუმძაფრა. იგი ვარაუდობს, რომ ამ საქმეში საქართველოს პირველი პირი იყო ჩართული. ამის შესახებ განცხადება თენგიზ სიგუამ დღეს პარლამენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, იგი 1993 წელს როდესაც ზვიად გამსახურდია ჩეჩნეთიდან საქართველოში დაბრუნდა თანამდებობაზე აღარ იმყოფებოდა და ინფორმაციას პირადად არ ფლობს, თუმცა ვარაუდობს სხვადასხვა წყაროდან მიღბეული ინფორმაციით და ამ ინფორმაციების შეჯერებით.
სიგუა მიიჩნევს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს შევარდნაძის ბრძანებით, ეს ბრძანება კი უკავშირდებოდა კრემლის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველოში შეიქმნებოდა ორხელისუფლებიანობა, რაც საბოლოო ჯამში ზვიად გამსახურდიას რეაბილიტაციას ნიშნავდა.
სიგუას თქმით, მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა და მას მხარს უჭერდა ლოთი ქობალია შეიარაღებული ფორმირებებით, რის შედეგადაც დასავლეთ საქართველოს გაკონტროლება შეუძლებელი იყო კრემლმა შევარდნაძეს შესთავაზა რომ საქართველოს გაყოფდნენ ორად. დასავლეთში პრეზიდენტი იქნებოდა ზვიად გამსახურდია, აღმოსავლეთში კი _ შევარდნაძე.
სიგუას თქმით ამ შეთავაზების დათანხმების შემთხვევაში ძალიან მალე გამსახურდიას უფლებამოსილება აღდგებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით, რადგან იგი იყო კანონიერი პრეზიდენტი. ამან კი შევარდნაძეს გადაადგმევინა ის ნაბიჯი რომ მისი მოშორება გადაწყვიტა თავიდან.
ამის დამადასტურებლად იგი იშველიებს მაშინდელი უშიშროების მინისტრის ნათქვამს. სიგუას თქმით, უშიშროებისა და შსს სპეცსამსახურები პრეზიდენტს ფეხდაფეხ დევნიდნენ.
გიორგაძეს შევარდნაძესთვის უთქვამს, რომ მას გამსახურდიას დაჭერა ნებისმიერ მომენტში შეეძლო. ამის საპასუხოდ კი შევარდნაძეს გიორგაძესთვის განუცხადებია, რომ "დაკავებული პრეზიდენტი არ მჭირდება, მე მკვდარი პრეზიდენტი მჭირდებაო".