საქართველოსა და ყატარს შორის შესაძლოა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყოს. შეთანხმებას მხარეებმა ქართული დელეგაციის ყატარში ვიზიტის ფარგლებში უკვე მიაღწიეს.
აღნიშნულის გარდა ყატარელი ბიზნესმენები საქართველოს სოფლის მეურნეობის, საბანკო და სამშენებელო სექტორითაც დაინტერესდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ბიზნესგარემოს ადგილზე შესასწავლად ყატარელ ბიზნესმენთა ჯგუფი აპრილის ბოლოს საქართველოშიც ჩამოვა.
"საუბარია ორმაგი დაბეგვრის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომელიც გაუადვილებს ორივე მხარის ბიზნესმენებს ერთმანეთთან ურთიერთობას, ამასთან, განიხილება ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულების გაფორმებაც ბიზნესმენების ერთობლივი ორგანიზაციის ჩამოყალიბება", - განუცხადა ჟურნალისტებს ყატარში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს.
საქართველოს დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ ყატარის პრემიერ- მინისტრს და უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია "დიარის" წარმომადგენლებს.