„თელასის" მინიფეხბურთის ტრადიციული ჩემპიონატის გამარჯვებული საბურთალოს ბიზნეს ცენტრის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში ვერა-ვაკის ბიზნეს ცენტრის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 4:2.
საფინალო მატჩი 3 ივნისს სპორტ-კომპლექს „არენაზე" გაიმართა. ჩემპიონატის საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები სს „თელასის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა დააჯილდოვა.
„თელასის" მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი უკვე მეთოთხმეტედ ტარდება. ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ ღონისძიებების ჩატარებას, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად"- განაცხადა „თელასის" გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.
„თელასის" პროფკავშირების მიერ ორგანიზებული მინიფეხბურთის ჩემპიონატი 21 მაისს დაიწყო. ჩემპიონატი ჯგუფური სისტემით ჩატარდა და მასში მონაწილეობა რვა გუნდმა მიიღო:
გლდანის, საბურთალოს, სანზონის, დელისის, ოქროსუბნის, ვერა-ვაკის ბიზნესცენტრების; მაღალი ძაბვის ექსპლუატაციის სამსახურის და დაბალი ძაბვის ექსპლუატაციის სამსახურის გუნდებმა.
ჩემპიონატის საუკეთესო მონაწილეებისგან დაკომპლექტებული გუნდი ქალაქ ეკატერინბურგში, „ინტერრაო ეეს"-ის მინიფეხბურთის საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრება.
„თელასის" გუნდმა გასულ წელს წარმატებით იასპარეზა „ინტერრაო ეეს"-ის პირველობაზე და მეორე ადგილი დაიკავა; ქართველმა ფეხბურთელებმა არჩილ ბოკერიამ და რატი ხოსრუაშვილმა საუკეთესო ბომბარდირის და საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღეს.
***სს „თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 460 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი" „ინტერრაო ეეს"-ის შემადგენლობაში შევიდა. „ინტერრაო ეეს"-ის მფლობელობაშია „თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.
***ჯგუფი „ინტერრაო ეესი"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია , მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერრაო ეეს"-ის სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება.
„ინტერრაო ეეს"-ის ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი და მის მმართველობაში მყოფი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33.5 გიგავატს შეადგენს.