საქართველოს სპორტული ორიენტირების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სპორტულ ორიენტირებაში ღია საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირი სამი დღის განმავლობაში ვაკის პარკის, ლისის ტბისა და მცხეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. საერთაშორისო ტურნირში უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმაც მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებიდან წარდგენილი 10 ჯარისკაცი ერთი თვის მანძილზე მომზადებას ტურნირის სამივე მონაკვეთზე გადიოდა. მათ ასპარეზობის მიმდინარეობის დეტალებზე შესაბამისი ინსტრუქტაჟი საქართველოს სპორტული ორიენტირების ეროვნული ფედერაციის სპეციალისტებმა ჩაუტარეს.
ტურნირის მონაწილეებს საწყისი წერტილიდან ფინიშამდე აღნიშნულ ტერიტორიებზე განლაგებული პუნქტები კომპასისა და რუქის საშუალებით უნდა მოეძებნათ. მონაწილეები სრულყოფილად შესრულებული დავალების და ასპარეზობის დროის მიხედვით შეფასდნენ.
ტურნირის მეორე დღეს, რომელიც პროფესიონალ სპორტსმენებს დაეთმო, გამარჯვება ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ერგო წილად. მათ შესაბამისი სიგელები და მედლები გადაეცათ. პირველ ადგილზე სპეციალური ოპერაციული ძალების სამხედრო მოსამსახურე გავიდა.
მასალის გამოყენების პირობები