პირველი რეისი რუსულმა ავიაკომპანია "რასიამ" შეასრულა და რუსეთიდან აფხაზეთში სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში ჩაიყვანა.
სოხუმის აეროპორტის ამოქმედებას საქართველოს პარლამენტი საგანგებო მიმართვით გააპროტესტებს. შესაბამისი ზომების მიღება საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა დავით ბაქრაძემ საგარეო ურთიერთობათა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებს უკვე დაავალა.
პარლამენტში სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლებსაც დაიბარებენ და სწორედ მათთან ერთად შეიმუშავებენ ფორმას, რომლითაც აღნიშნულის გაპროტესტება მოხდება. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა დეპუტატებმა საერთაშორისო საზოგადოების სახელზე მიმართვა შეიმუშაოს.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენას "ანექსიად" აფასებენ, "რომლითაც ირღვევა, როგორც საერთაშორისო ნორმები ისე იკაოს სტანდარტები".
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია "რასია" რუსეთის ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც ქვეყნის პირველი პირების ფრენებს უზრუნველყოფს.