აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთათვის აფხაზეთში საცხოვრებელი ფართის ყიდვის უფლების მინიჭების საკითხი ჯერ ჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.
"ეს საკითხი სერიოზულ დამუშავებას საჭიროებს. ამჯამად ამ საკითხის ირგვლივ ძალიან ბევრი წინადადებაა. ჩვენ მათ ქვეყნის ხელმძღვანელობაში განვიხილავთ, უშიშროების საბჭოშიც, მთავრობაშიც და ოპოზიციასთან", _ განაცხადა ბაღაფშმა.
სერგეი ბაღაფშმა ასევე განაცხადა, რომ უძრავი ქონების გაყიდვის პროცესი "რესპუბლიკაში" უკვე კარგა ხანია მიდის. "ამავე დროს არავისთვს დასამალი არ არის, რომ რუსეთის მოქალაქეები აფხაზური კანონმდებლობის გვერდის ავლით ყიდულობენ საცხოვრებელ ფართს აფხაზეთში", _ განაცხადა ბაღაფშმა და დასძინა, რომ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ კარგად უნდა გათვალოს ყველაფერი "მომხრე" და "წინააღმდეგი".
"გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფოსათვის მაქსიმალურად მომგებიანი პირობებით უნდა იყოს მიღებული", _ აცხადებს ბაღაფში.