დღეს სოხუმში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე სეპარატისტული აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აფხაზურმა ოპოზიციამ მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს თავისი ხედვა საქართველოსთან მიმდინარე მოლაპარაკებათა პროცესთან დაკავშირებით.
ხაჯიმბა აცხადებს, რომ არ არის საჭირო "მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულება, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მისამართით გაუწონასწორებელი ნაბიჯებით გამოირჩევა".
ხაჯიმბა მცდარად მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს "ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალია და ყველაფერი ამ ერთი ადამიანის პოლიტიკური არენიდან წასვლით მოგვარდება".
ხაჯიმბა მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ იდგება საქართველოს სათავეში, "საქართველომ უარი უნდა თქვას ძალის გამოყენებაზე, აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და მასთან მშვიდობიან შეთანხმებას უნდა მოაწეროს ხელი".