თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ქალთა კოლონიაში მომხდარი ბუნტის სასამართლო პროცესი. მსჯავრდებულებს წარდგენილი ბრალდებით სასჯელად დაენიშნათ თვისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლიდან და 6 (ექვსი) თვიდან - 13 წლამდე ვადით, ვინაიდან ყველა განსასჯელი მსჯავრდებულია წარსულში ჩადენილი სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნა მოხდა განაჩენთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთის სახით - 25 წლამდე ვადის ფარგლებში.
თბილისის საქალაქო სასამართლო პრესცენტრის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმის განხილვა 38 პირის მიმართ დაიწყო 2009 წლის 7 ივლისს. მსჯავრდებულთა დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2009 წლის 18 აპრილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქალთა და არასრულწლოვანთა 5 დაწესებულების ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა 2009 წლის 18 აპრილის პრეზიდენტის განკარგულებით შეწყალებულ მსჯავრდებულთა სია. მსჯავრდებულთა ნაწილი, რომელიც შეწყალებულთა სიაში არ მოხვდა, შეიარაღდა ხელჯოხებითა და სხვადასხვა საგნით და მოუწოდა სხვა მსჯავრდებულებსაც, მათთვის დაეჭირათ მხარი. მსჯავრდებულები არ დაემორჩილნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნას, ცეცხლის წაკიდებითა და სხვა საშუალებებით დააზიანეს სასჯელაღსრულების დაწესებულების ინვენტარი და გაანადგურეს დოკუმენტაცია. საბოლოოდ, დანაშაული აღკვეთილი იქნა სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ.
სასამართლო პროცესის მსვლელობისას, რომელიც შვიდი თვის განმავლობაში მიმდნარეობდა, ჩატარდა 49 სასამართლო სხდომა, დაიკითხა 62 მოწმე და დაზარალებული, 22 განსასჯელი. 13 განსასჯელის მიმართ, რომლებმაც სრულად აღიარეს წარდგენილი ბრალდება, სს საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად და მათ მიმართ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. დანარჩენი 25 განსასჯელის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებული იქნა სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, საინჟინრო და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, წერილობითი მტკიცებულებებით.
განსასჯელებს მსჯავრი დაედოთ სასჯელაღსრულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაციის და სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმისთვის, ასევე, პირადი მოტივით დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო განადგურების და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით.