ირაკლი ალასანიას სოზარ სუბარიც ემიჯნება. ყოფილი სახალხო ომბუდსმენისთვის მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის პრაიმერის გზით გამოვლენა მიუღებელია.
ვინაიდან სუბარი საქართველოში არ იმყოფება, მისი ეს პოზიცია საზოგადოებას დღეს "რესპუბლიკელმა" სოფო ხორგუანმა გააცნო.
"ვიზიარებ "ახალი მემარჯვენეებისა" და "რესპუბლიკელების" პოზიციას თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შესარჩევად პრამერის დაუშვებლობასთან დაკავშირებით", - ნათქვამია წერილში, რომელიც სუბარმა შვეიცარიიდან ელექტრონული ფოსტის საშუალებით გამოგზავნა. იქვე აღნიშნულია, რომ ერთიანი კანდიდატის შერჩევის ერთადერთ მოდელად საზოგადოებრივი აზრის კვლეა ესახება.
"საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ერთი მხრივ, გამოხატავს ხალხის განწყობას და მეორეს მხრივ, მასში ხელისუფლების შესაძლო ჩარევის მცდელობას აგვაცილებს თავიდან", - აღნიშნულია სუბარის წერილში.
ყოფილი სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანდიდატის შერჩევის ამ ფორმას სხვა ბევრი უპირატესობაც აქვს, მათ შორის ისიც, რომ გაცილებით ნაკლებ ფინანურ რესურსს მოითხოვს, ვიდრე პრაიმერი.