,,პრემიერ-მინისტრმა ვიწრო პარტიული ინტერესების მატარებელი საპრეზიდენტო კანდიდატი არ უნდა დაასახელოს", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა კოალიცია ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილია კანდიდატის შერჩევას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.
კახიშვილის განცხადებით, ამ დრომდე მისთვის უცნობია ვინ შეიძლება იყოს კოალიცია ,,ქართული ოცნების"' საპრეზიდენტო კანდიდატი.
,,არ ვფლობ კულუარულ ინფორმაციას ვინ შეიძლება იყოს კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, რადგან არანაირ კულუარებში არ ვარ. ჩემი პირადი პოზიციაა, არის ის რომ როცა შენს მიმართ არის ამხელა ნდობა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად მკვდარიც, რომ დაასახელო გამარჯვების ალბათობა მაინც დიდია. ამ ფონზე მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევას. ვიუსურვები ის ნდობა, რომელიც მოსახლეობაში ბიძინა ივანიშვილის მიმართ არსებობს ბოროტად გამოყენებული არ იყოს და ისეთი კანდიდატი არ იქნეს წამოყენებული, რომელიც ცალკე ბიძინას მხარდაჭერის გარეშე არჩვნებში ერთ პროცენტსაც ვერ აიღებდა, მაგრამ რახან ივანიშვილმა დაასახელა შესაძლებელია პრეზიდენტი გახდეს. ამიტომ როცა ასეთი წინაპირობა, ნდობა და სიყვარულია საჭიროა ამის გამართლება და ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება, რომელიც არ იქნება ვიწრო პარტიული ინტერესების მატარებელი და რეალურად იქნება იმ ფუნქციის შემსრულებელია, რომელსაც ახლად არჩეულ პრეზიდენტს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები ანიჭებს", -განაცხადა კახიშვილმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან' საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატებად ირაკლი ალასანია, კახა კალაძე, არმაზ ახვლედიანი, სალომე ზურაბიშვილი და ვახტანგ ხმალაძე სახელდებიან.