აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთს მხარს დაუჭერს, თუ მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება.
როგორც CNN წერს, ტრამპმა ეს განცხადება თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მანამდე, ორშაბათს, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა თომას მასიმ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლები წარადგინა.
„დიახ, მხარს დავუჭერ“, - განაცხადა ტრამპმა ჰეგსეთზე საუბრისას.
ტრამპმა მასის „სრული წარუმატებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ მასის გულში ბევრი სიძულვილია. კენტუკის შტატის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მიმდინარე წლის დასაწყისში პრაიმერიზში ტრამპის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან წააგო.
„არ მინდა დრო დავხარჯო იმაზე, რომ მას ვადევნო თვალი. ჩვენ ორი ომი მოვიგეთ და მსოფლიო გაცილებით უსაფრთხო გავხადეთ, ახლა კი [ჩვენს წინააღმდეგ] იმპიჩმენტი უნდა დაიწყონ?“ - განაცხადა ტრამპმა.
მასიმ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის რვა მუხლი წარადგინა. ის თავდაცვის მდივანს კონგრესის ნებართვის გარეშე ომის უკანონოდ წარმოებასა და პენტაგონის ხელმძღვანელის თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.
CNN-ის ცნობით, მასის მიერ იმპიჩმენტის მუხლების წარდგენა ნიშნავს, რომ საკითხზე კენჭისყრა ოთხშაბათამდე უნდა გაიმართოს.